ბრაზილიაში რონალდინიოს უძრავი ქონება დააყადაღეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს
ბრაზილიაში რონალდინიოს უძრავი ქონება დააყადაღეს და ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს რონალდინიოს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს იმ ჯარიმის გამო, რომლის გადახდაც მას რიო-გრანდე-დო-სულის შტატის პროკურატურამ დაავალდებულა, – წერს გაზეთი „ფოლია დე საო პაულო“ (Folha de Sao Paulo).

ასევე იტყობინებიან, რომ 2.3 მილიონი ევროს ოდენობის ვალის გამო, ყადაღა დაადეს უძრავი ქონების 57 ობიექტს, რომელიც ყოფილ ფეხბურთელს ეკუთვნის. გარდა ამისა, რონალდინიოს არ უბრუნებენ ესპანეთის პასპორტს.

უძრავი ქონების ბლოკადა და პასპორტის ამოღება უკავშირდება ეკოლოგიური ზიანის მიყენებას პორტუ ალეგრიში მშენებლობის დროს. ბრაზილიის მთავრობამ მიიჩნია, რომ რონალდინიომ ძმასთან ერთად უკანონოდ დააზარალა ტყე და ნიადაგი. ბრაზილიელს ჯარიმის გადახდა დააკისრეს, რომელიც დღემდე არ გადაუხდია. ამიტომაც გადაწყვიტა მთავრობამ მისი ქონების ნაწილის კონფისკაცია.