ბრაზილიაში „ნამორა“ გაემგზავრება
ბრაზილიაში „ნამორა“ გაემგზავრება

15 ივნისს, 18:00 საათზე, Red Bull Neymar Jr’s Five-ს გამარჯვებული გამოვლინდა. გუნდი „ნამორა“ ბრაზილიაში, საქართველოს სახელით, ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას. ფინალური მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა. „ნამორამ“ დამატებით დროში შეძლო დაწინაურება და საბოლოო ანგარიშით 2:1 დაამარცხა მოწინააღმდეგე გუნდი „ვაკე“.

მინიფეხბურთის ჩემპიონატი საქართველოში მეორედ ჩატარდა. შესარჩევი თამაშები ქვეყნის 6 ქალაქში გაიმართა. ყველაზე მეტი გუნდი დარეგისტრირდა ბათუმსა და თბილისში. შესარჩევ თამაშში მონაწილეობა 200-მდე გუნდმა მიიღო და მათგან მხოლოდ 16 საუკეთესო შეირჩა.

ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიაში, Instituto Projeto Neymar Jr-ზე, 12-13 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის გამარჯვებული გუნდი. თამაშის ფინალს დაესწრება ნეიმარ და სილვა სანტოსი, რომელიც საკუთარი გუნდით, 2019 წლის გამარჯვებულ გუნდთან მეგობრულ მატჩს გამართავს.

Red Bull Neymar Jr’s Five ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმარ და სილვა სანტოსის სახელობის ჩემპიონატია. 5-5-ზე შეჯიბრს მარტივი წესები აქვს: თითო მატჩი გრძელდება 10 წუთი, გუნდებს არ ჰყავთ მეკარე და ყოველ გატანილ გოლზე, მოწინააღმდეგე გუნდის ერთი მოთამაშე ეთიშება თამაშს. მონაწილეობა შეუძლიათ მოყვარულ და პროფესიონალ ფეხბურთელებს 16 წლიდან. გუნდში მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 7 მოთამაშის ყოლაა დასაშვები, მათგან კი მხოლოდ ორი უნდა იყოს 25 წელს ზევით.