ბრაზილიამ სენეგალს ვერ მოუგო, ნეიმარმა მე-100 მატჩი ჩაატარა
ბრაზილიამ სენეგალს ვერ მოუგო, ნეიმარმა მე-100 მატჩი ჩაატარა

სინგაპურში დასრულდა ამხანაგური მატჩი ბრაზილიასა და სენეგალს შორის. შეხვედრის ანგარიშია – 1:1.

მეცხრე წუთზე ანგარიში რობერტო ფირმინომ გახსნა გაბრიელ ჟესუსის პასით. სენეგალელებმა პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში აღადგინეს თანაფარდობა – პენალტი ფამარა დიედიუმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიამ ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო. მანამდე ტიტეს გუნდმა კოლუმბიასთან ფრე (2:2) ითამაშა და პერუსთან დამარცხდა (0:1).

13 ოქტომბერს, ბრაზილია ასევე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ.

ეს თამაში გამორჩეული იყო ნეიმარისთვის. მან 27 წლის ასაკში მე-100 მატჩი ჩაატარა ნაკრებში. ასეთ ახალგაზრდა ასაკში ბრაზილიაში ამ მაჩვენებლისთვის არავის მიუღწევია. ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ექვს ფეხბურთელს ჩაუტარებია 100 შეხვედრა: კაფუ (142), რობერტო კარლოსი (125), დანი ალვეში (116), ლუსიო (105), ტაფარელი (101) და რობინიო (100).

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს. 100 სანაკრებო მატჩში მას 61 გოლი აქვს გატანილი.