ბრაზილიამ კოპა ამერიკა მეცხრედ მოიგო (ვიდეო)
ბრაზილიამ კოპა ამერიკა მეცხრედ მოიგო (ვიდეო)

გამოვლინდა კოპა ამერიკას ჩემპიონი. რიო-დე-ჟანეიროს „მარაკანაზე“ გამართულ ფინალში ბრაზილიამ ანგარიშით 3:1 პერუ დაამარცხა.

პირველი გოლი მე-15 წუთზე გავიდა. ფლანგიდან გაბრიელ ჟესუსის ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში ევერტონმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა ტიაგო სილვამ, რასაც ბრაზილიელთა კარში პენალტი მოჰყვა. 11-მეტრიანი პაოლო გერერომ გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ბრაზილიამ პირველივე ტაიმში მოასწრო კიდევ ერთხელ წინ გასვლა – გაბრიელ ჟესუსმა საგოლე პასს გოლი დაუმატა.

შესვენების შემდეგ, გაბრიელ ჟესუსი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში – 70-ე წუთზე მან მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. თუმცა, პერუმ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა, პირიქით – ბრაზილიამ 88-ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა – რიჩარლისონმა პენალტი გამოიყენა.

ბრაზილია მეცხრედ და 2007 წლის შემდეგ, პირველად გახდა კოპა ამერიკას ჩემპიონი.