„ბოსტონს“ ფინალამდე ერთი მოგება აკლია
„ბოსტონს“ ფინალამდე ერთი მოგება აკლია

აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერია მეხუთე მატჩით გაგრძელდა, რომელშიც „ბოსტონმა“ შინ „კლივლენდი“ მიიღო. „სელტიქსმა“ ტრადიციას არ უღალატა და ზედიზედ მეათე მატჩი მოიგო პლეი ოფში საკუთარ მოედანზე – 96:83. „ბოსტონი“ სერიაში 3:2 დაწინაურდა.

„კლივლენდი“ პირველ მეოთხედში ხუთჯერ მინიმალური სხვაობით გავიდა წინ. ამის შემდეგ, 11:12-ზე „ბოსტონმა“ 15:3 გაქცევა მოახერხა და ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვა. მეორე მეოთხედიდან მოყოლებული, მასპინძლების უპირატესობა ყოველთვის ორნიშნა იყო, მხოლოდ რამდენჯერმე შეძლო „კავალიერზმა“ სხვაობის 9 ქულამდე შემცირება.

ლებრონ ჯეიმსს სამი მეოთხედის შემდეგ 24 ქულა ჰქონდა და თითქოს თავისი მორიგი 40-ქულიანი მატჩისკენ მიდიოდა, ბოლო 12-წუთეულში ძალიან ინერტულად ითამაშა, მხოლოდ ოთხჯერ ისროლა თამაშიდან, ერთხელ ჩააგდო და სულ ორი ქულა აიღო. ლებრონის პარტნიორებიდან, მხოლოდ კევინ ლავმა შეძლო 10-ქულიანი ზღვარის გადალახვა, „ბოსტონში“ ეს ხუთმა კალათბურთელმა მოახერხა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე, უდავოდ, „სელტიქსის“ დებიუტანტი ჯეისონ ტატუმი იყო, რომელმაც ფანტასტიკური სტატისტიკა შეაგროვა და სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა: 24 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება. ტატუმისთვის ეს იყო მეცხრე 20-ქულიანი მატჩი პლეი ოფში. ის გახდა მეექვსე დებიუტანტი ისტორიაში, ვინც თავის პირველ პლეი ოფში 300-ზე მეტი ქულა დააგროვა. მანამდე ეს შეძლეს: ელვან ადამსმა, ელჯინ ბეილორმა, ჯორჯ მიკანმა, ქარიმ აბდულ-ჯაბარმა და ჯეკ სიკმამ.
მეექვსე მატჩი შაბათს, დილით გაიმართება კლივლენდში. ამ სერიაში მხოლოდ მასპინძლები იგებენ, თანაც, თითოეულ მატჩში მინიმუმ ცხრაქულიანი სხვაობა ფიქსირდება.

ბოსტონი-კლივლენდი 96:83
32:19, 21:23, 23:18, 20:23
ბ: ტატუმი (24+7 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბრაუნი (17), ჰორფორდი (15+12 მოხსნა), როზირი (8+6 მოხსნა+6 პასი+3 ჩაჭრა), ბეინსი (6+7 მოხსნა+3 დაფარება) – სასტარტო; მორისი (13+6 მოხსნა), სმარტი (13), ნადერი (0), იაბუსელე (0).
კ: ჯეიმსი (26+10 მოხსნა+5 პასი), ლავი (14+7 მოხსნა), ჰილი (7), სმიტი (2), ტომპსონი (1+6 მოხსნა) – სასტარტო; გრინი (8+5 მოხსნა), კლარკსონი (8), კორვერი (7), ჰუდი (5), ჟიჟიჩი (3), ნენსი (2+6 მოხსნა+4 დაფარება), ოსმანი (0), კალდერონი (0).
სერია: 3-2