ბოსტონის მეორე გამარჯვება ინდიანასთან, ჰარდენის სამმაგი დუბლი იუტას წინააღმდეგ
ბოსტონის მეორე გამარჯვება ინდიანასთან, ჰარდენის სამმაგი დუბლი იუტას წინააღმდეგ

ბოსტონ „სელტიქსმა“ ზედიზედ მეორე საშინაო თამაში მოიგო და კომფორტული ჰანდიკაპი მიიღო ინდიანა „პეისერსის“ წინააღმდეგ აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფში. პირველი მატჩის მსგავსად, მეორე დაპირისპირებაც საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. ბოლო პერიოდის წინ მასპინძლები 11 ქულის სხვაობით მარცხდებოდნენ, დასკვნითი მეოთხედში კი კაირი ირვინგის და ჯეისონ ტეიტუმის ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბოსტონელებმა აღნიშნული ჩამორჩენის გაბათილება და საბოლოო გამარჯვების მოპოვებაც შეძლეს. ბრედ სტივენსის გუნდმა ანგარიშით 99:91 მოიგო. ირვინგის ანგარიშზე 37 ქულა, შვიდი გადაცემა და ექვსი მოხსნა დაფიქსირდა. ტეიტუმმა 26 ქულა გააკეთა. „სელტიქსი“ სერიაში ანგარიშით 2:0 დაწინაურდა. მომდევნო ორი დაპირისპირება, ინდიანაპოლისში შედგება.

დღესვე, აღმოსავლეთ კონფერენციაში, მილუოკი „ბაქსმა“ კვლავ დიდი სხვაობით აჯობა დეტროიტ „პისტონსს“ – 120:99, და სერიაში დამაჯერებლად ლიდერობს. ზაზა ფაჩულია სტუმართა განაცხადში არ ყოფილა

დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფავორიტმა ჰიუსტონ „როკეტსმა“ სტატუსი კიდევ ერთხელ გაამართლა და საკუთარ „ტოიოტა ცენტრში“ მეორე შეხვედრაც დამაჯერებლად მოუგო იუტა „ჯაზს“. ტეხასურმა გუნდმა ანგარიშით 118:98 გაიმარჯვა. მასპინძელთა ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა სამმაგი დუბლი გაიფორმა (32 ქულა, 13 მოხსნა, 10 გადაცემა), კრის პოლის ანგარიშზე კი 17 ქულა დაფიქსირდა. ჰიუსტონელებმა მეტოქეს 17 სამქულიანი ჩაუგდეს, რაც ტრადიციულად „როკეტსის“ წარმატების მთავარი იარაღია. წყვილის მომდევნო ორი მატჩი იუტაში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული კონფერენციის ნახევარფინალში გოლდენ სტეიტ „უორიორზსა“ და ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.