ბოსნიური გამოცემა – გიორგი გულიაშვილის მენეჯერს „სამსუნსპორიდან“ დაუკავშირდნენ #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილის ტრანსფერით თურქული კლუბები – „ტრაბზონსპორი“ და „სამსუნსპორი“ დაინტერესდნენ, ერთ-ერთის წარმომადგენლები კი მის მენეჯერსაც დაუკავშირდნენ – ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა „ფაქტორი“ ავრცელებს.
„გიორგი გულიაშვილს საქართველოს ნაკრებში თამაშის გამო უფრო ხანგრძლივი შესვენება მისცეს, მას პარასკევს „სარაევოსთან“ ერთად არ უვარჯიშია და გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.
საკითხავია, ქართველი თავდამსხმელი მომავალ სეზონში „სარაევოში“ ითამაშებს თუ არა – სავსებით შესაძლებელია, რომ გუნდმა თავისი საუკეთესო მოთამაშე გაყიდოს.
თურქმა ჟურნალისტმა, ეკრემ კონურმა სოციალურ ქსელ X-ში ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომ გულიაშვილის შეძენით თურქეთის სუპერლიგის ორი კლუბი – „ტრაბზონსპორი“ და „სამსუნსპორია“ დაინტერესებული. „სამსუნსპორის“ ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა მის მენეჯერს, რათა ტრანსფერი სწრაფად განხორციელდეს.
ბოსნიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა მოთამაშეებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად გიორგი გულიაშვილი ბოსნიის პრემიერლიგის 2024/25 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
„ტრანსფერმარკტის“ მონაცემებით, ქართველი თავდამსხმელის საბაზრო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა“, – წერს ბოსნიური გამოცემა.