ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს 2025 წლის ევრობასკეტზე ძანან მუსა დააკლდება #1TVSPORT
მოახლოებულ ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეს, ბოსნია-ჰერცეგოვინას გუნდის ლიდერი ძანან მუსა დააკლდება.
„მინდა, შეგატყობინოთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს ევრობასკეტზე ვერ დავეხმარები. რამდენიმე დღის წინ მიუნხენში ოპერაცია ჩავიტარე და, ექიმების თქმით, რეაბილიტაციას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. სიტყვებით ძნელია, გადმოვცე, რამდენად დიდი იმედგაცრუებაა ეს ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ჩემი ფიქრებით ბიჭებთან ვიქნები და მჯერა, რომ ისინი ჩემ გარეშე ღირსეულად გაუმკლავდებიან გამოწვევებს“, – დაწერა ძანან მუსამ.
26 წლის მუსამ გასული სეზონი მადრიდის „რეალში“ გაატარა, ხოლო მიმდინარე ზაფხულს ევროლიგის ახალ კლუბთან, „დუბაი ბასკეტთან“ გააფორმა კონტრაქტი. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე მუსა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების ლიდერი იყო, ის, საშუალოდ, 22.8 ქულას აგროვებდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს საქართველო 4 სექტემბერს, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში შეხვდება და ეს მატჩი, შესაძლოა, პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამ გუნდების გარდა, ევრობასკეტის C ჯგუფში იტალიის, ესპანეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის ნაკრებები იასპარეზებენ.