ბორუსიას საჩემპიონო შანსებს შალკემ უმძიმესი დარტყმა მიაყენა
ბორუსიას საჩემპიონო შანსებს შალკემ უმძიმესი დარტყმა მიაყენა

ძალიან დაძაბულად წარიმართა მორიგი რივიერდერბი დორტმუნდში, რომელშიც მსაჯმა ბორუსიას ორი ფეხბურთელი (მარკო როისი, მარიუს ვოლფი) გააძევა მოედნიდან, ჯეიდონ სანჩოს ტრიბუნებიდან ნასროლი სანთებელა მოხვდა თავში, საბოლოოდ კი მატჩი შალკეს გამარჯვებით, 2-4 დასრულდა, რითაც დორტმუნდელთა საჩემპიონო ოცნებებს სერიოზული ზიანი მიადგა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, როდესაც მარიო გიოტცემ ჯეიდონ სანჩოს პასი გამოიყენა და სწორედ ამ გოლის აღნიშვნისას მოხვდა ინგლისელს სანთებელა თავში, რის შედეგადაც მას ექიმების დახმარება დასჭირდა.

წონასწორობა დანიელ კალიჯურიმ აღადგინა პენალტით, შემდეგ საგოლე პასი შეასრულა, მოგვიანებით კი ისევ თავად გაიტანა და შალკე ორი ბურთით გავიდა წინ. ამის შემდეგ დორტმუნდმა ანგარიშის შემცირება შეძლო, როდესაც აქსელ ვიტსელმა გაიტანა, თუმცა ემბოლომ მეოთხე გაიტანა და მატჩი შალკეს გამარჯვებით დასრულდა.

მიუნხენის ბაიერნს ახლა მხოლოდ სამი მატჩის მოგება სჭირდება დარჩენილ ოთხ ტურში, რათა ჩემპიონი გახდეს. დღეს მიუხენელები ნიურნბერგს სტუმრად ეთამაშებიან.