ბორის პისტორიუსი – პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმომადგენლების მჭიდრო კავშირები პუტინთან უდავოა, არსებობს ეჭვი, რომ რუსეთიდან ფულს იღებენ, საიდუმლო ინფორმაციაზე მათი წვდომა არ უნდა მოხდეს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პოტენციური მინისტრების საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის პროცესიდან გამორიცხვას.
როგორც პისტორიუსმა „ბილდთან“ ინტერვიუში აღნიშნა, შესაძლებლობა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სექტემბრის არჩევნებზე შესაძლოა, საქსონია-ანჰალტში უმრავლესობა მოიპოვოს, უდიდეს შეშფოთებას იწვევს.
პისტორიუსის განცხადებით, მისი უწყება აქტიურად სწავლობს საკითხს, ვის შეიძლება, მიეცეს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა, რადგან მისივე თქმით, ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.
„საკმარისია, მოვუსმინოთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მრავალი წარმომადგენლის საჯარო განცხადებებს. მათი მჭიდრო კავშირები პუტინთან უდავოა. ასევე, არსებობს ეჭვი, რომ რუსეთიდან ფულს იღებენ. აშკარაა, რომ ეს (საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მიცემა) არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არანაირ ეჭვს არ ტოვებს თავის განზრახვებში გერმანულ დემოკრატიასთან დაკავშირებით.
„ამიტომ ეს (პარტიის მიერ რეგიონულ პარლამენტში უმრავლესობის მიღება) ძალიან ცუდი ნიშანი იქნებოდა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ კიდევ უფრო გადამწყვეტად ვიბრძოლოთ და დავუპირისპირდეთ ამას“, – აღნიშნა ბორის პისტორიუსმა.
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 2025 წლის თებერვლის საყოველთაო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა და ხმების 20.8 პროცენტი მიიღო, რაც მისი საუკეთესო შედეგია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ხოლო სექტემბერში არჩევნები ორ აღმოსავლეთ ფედერალურ მიწაზე – საქსონია-ანჰალტსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში გაიმართება. პარტიაში მიიჩნევენ, რომ უახლოეს პერსპექტივაში ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე დიდი შანსი სწორედ საქსონია-ანჰალტში აქვთ, სადაც მათ აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება და პირველად რეგიონული მთავრობის ფორმირება შეუძლიათ.
როგორც მედია აღნიშნავს, ევროკავშირის დიპლომატები ჯერ კიდევ გაზაფხულზე აცხადებდნენ, რომ გერმანიის სისტემის თავისებურებების გამო, ევროკავშირის საიდუმლო დოკუმენტები შესაძლოა, კრემლის ხელში აღმოჩნდეს, ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეშვეობით შესაძლო გაჟონვის შედეგად.