ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის მიმართ
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი სკეპტიკურად არის განწყობილი აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის მიმართ. ამის შესახებ პისტორიუსმა ბერლინში ბრიტანელ კოლეგასთან, უეს სტრიტინგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პირველ რიგში, ბოლო წლების გამოცდილების გამო სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ყოველ ჯერზე, როცა მოლაპარაკებები ან განხილვები იმართებოდა, შედეგად, უკრაინაზე კიდევ უფრო ძლიერი დაბომბვა და თავდასხმები ხდებოდა“, – აღნიშნა პისტორიუსმა.
მისივე თქმით, ევროპაში მდგრადი და სამართლიანი მშვიდობა, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას უზრუნველყოფს, ევროპელების გარეშე შეუძლებელია. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ევროპელები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყვნენ, რადგან მშვიდობის შენარჩუნება ომის შემდეგ ევროპელებს მოუწევთ.
თავის მხრივ, უეს სტრიტინგმა უკრაინის მხარდაჭერა დაადასტურა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებებს გამოეხმაურა.
„ყველას გვინდა, პუტინის დაპირება, რომ ევროპასთან ომს არ აპირებს, დავიჯეროთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ევროპაში ომს აწარმოებს. მას შეუძლია, ეს ომი დღესვე დაასრულოს“, – განაცხადა სტრიტინგმა.
მისივე თქმით, ეს ომი პროვოცირებული არ ყოფილა და უკანონოა.
გერმანიისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობაც განიხილეს. პისტორიუსის განცხადებით, ნატო-ს უფრო შორ მანძილზე მოქმედების უნარი სჭირდება. მისივე თქმით, გერმანია და ბრიტანეთი ორ რაკეტას ამუშავებენ, რომელთა მოქმედების რადიუსი ახლანდელზე ბევრად მეტი იქნება.