ბორის ჯონსონმა შოტლანდიის პირველ მინისტრს რეგიონის დამოუკიდებლობაზე მორიგი რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უთხრა
ბორის ჯონსონმა შოტლანდიის პირველ მინისტრს რეგიონის დამოუკიდებლობაზე მორიგი რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უთხრა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შოტლანდიის პირველ მინისტრს, ნიკოლა სტერჯენს რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ნათქვამია ჯონსონის მიერ სტერჯენისთვის მიწერილ წერილში.

შოტლანდიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გასამართად დიდი ბრიტანეთის მთავრობის ნებართვაა საჭირო. დეკემბერში შოტლანდიის პირველმა მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერს წერილი მისწერა, რომელშიც მას რეფერენდუმის გამართვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების უფლებას სთხოვდა.

„ვერ დავთანხმდები ისეთი უფლებამოსილების გადაცემას, რომელსაც შედეგად მოჰყვება დამოუკიდებლობის შესახებ მორიგი რეფერენდუმები“, – წერს ჯონსონი წერილში.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა შეახსენა სტერჯენს, რომ მან თანხმობა განაცხადა, 2014 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უკანასკნელი ყოფილიყო.

„დამოუკიდებლობის შესახებ კიდევ ერთი რეფერენდუმი გაახანგრძლივებს შოტლანდიაში პოლიტიკურ სტაგნაციას, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გრძელდება. დროა, რომ ყველამ გავაერთიანოთ მთელი გაერთიანებული სამეფო“, – წერს ბორის ჯონსონი.