ბორის ჯონსონი და ანგელა მერკელი ირანის მიერ ბრიტანეთის ელჩის დაკავებას გმობენ
ბორის ჯონსონი და ანგელა მერკელი ირანის მიერ ბრიტანეთის ელჩის დაკავებას გმობენ

ირანის მიერ ბრიტანეთის ელჩის დაკავებას გმობენ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი დღეს შედგა.

მხარეები ინციდენტს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევენ.

სატელეფონო საუბრის მთავარი თემა სწორედ ირანის ბირთვული შეთანხმება და უკრაინული ავიალაინერის კატასტროფა იყო, რომელსაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.

ირანში გაერთიანებული სამეფოს ელჩი რობ მაქეირი​ „აქციის წახალისების“ მოტივით გუშინ თეირანში რამდენიმე საათით დააკავეს. თავად ელჩი აცხადებს, რომ ის აქციაში არ მონაწილეობდა.

„შემიძლია, დავადასტურო, რომ მე არანაირ დემონსტრაციაში არ ვმონაწილეობდი. მივედი დაანონსებულ სამგლოვიარო ცერემონიაზე, რომელიც ირანში ჩამოგდებულ უკრაინული ავიახაზების მგზავრების ხსოვნას ეძღვნებოდა. მას შემდეგ, რაც ღონისძიებაზე ლოზუნგების ყვირილი დაიწყეს, მე ტერიტორია დავტოვე“, – წერს ელჩი „ტვიტერზე“.

დატოვე კომენტარი