ბორის ჯონსონი - ბრექსიტი 31 ოქტომბერს მაინც მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტმა შეთანხმება არ დაამტკიცა
ბორის ჯონსონი - ბრექსიტი 31 ოქტომბერს მაინც მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარლამენტმა შეთანხმება არ დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრექსიტი 31 ოქტომბერს მაინც მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა შეთანხმება არ დაამტკიცა. ეს განცხადება ბორის ჯონსონმა თემთა პალატში დაგეგმილ კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.

ამასთან, ჯონსონს იმედი აქვს, რომ დეპუტატები შეთანხმებას მხარს დაუჭერენ.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დავტოვოთ. ეს ასეც მოხდება, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება კენჭისყრის შედეგი. თუ დეპუტატები დაამტკიცებენ შეთანხმებას, ჩვენ გაგვიჩნდება შანსი, წინ წავიწიოთ და დავიწყოთ მუშაობა ევროკავშირთან ახალი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად. უნდა დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთანაც“, – თქვა ჯონსონმა „ბიბისის“ ეთერში.

ბრექსიტის საკითხზე ახალ შეთანხმებას ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ 17 ოქტომბერს მიაღწიეს. 19 ოქტომბერს ეს შეთანხმება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.