ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთმა დონბასში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხი უნდა აგოს
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთმა დონბასში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხი უნდა აგოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთმა დონბასში მალაიზიური ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის პასუხი უნდა აგოს. ამის შესახებ ბრიტანელმა დიპლომატმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მთავრობებმა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს.

„კრემლს მიაჩნია, რომ შეუძლია დაუსჯელად მოქმედება. ახლა რუსეთის მთავრობამ პასუხი უნდა აგოს MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არის კრემლის მხრიდან უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის უგულებელყოფის აღმაშფოთებელი მაგალითი.

24 მაისს საერთაშორისო ექსპერტებმა რეის MH17-ის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ საერთაშორისო საგამოძიებო დასკვნებს ეთანხმებიან.

„ეს განცხადება ადასტურებს და ავსებს იმას, რასაც ამ ტრაგედიის პირველი დღეებიდან ვამბობდით: MH17 რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსის „ბუკის“ რაკეტით ჩამოაგდეს, რომელიც რუსეთის ძალებისა და მათი ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ძალების მიერ კონტროლირებადი აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო უწყებაში მიიჩნევენ, რომ ავიაკატასტროფაში დამნაშავე პირებმა პასუხი უნდა აგონ.

„დადგა დრო, რუსეთმა შეწყვიტოს ტყუილი და განმარტოს თავისი როლი თვითმფრინავის ჩამოგდებაში“, – განაცხადა ნაუერტმა.

კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალი ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, დონეცკის ოლქში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოვარდა.