ბორის ბეკერი ციხის შესახებ - საკანში ძალიან ციოდა, ცემით მემუქრებოდნენ #1TVSPORT
ბორის ბეკერი ციხის შესახებ - საკანში ძალიან ციოდა, ცემით მემუქრებოდნენ #1TVSPORT

„დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა, გერმანელმა ჩოგბურთელმა, ბორის ბეკერმა ილაპარაკა 2022 წელს ბრიტანეთის ციხეში გატარებული რვათვიანი პერიოდის შესახებ.

„მე ვერასოდეს მოვალ გონს ამ მომენტისგან. ციხეებს მართავენ პატიმრები და არა ზედამხედველები. ოთხი კვირის განმავლობაში შვიდი კილოგრამი დავიკელი. სტრესი, საკვების დეფიციტი… საკანში ძალიან ციოდა. ნამდვილი კოშმარი იყო. სპორტული ტანსაცმლით მეძინა, ორი ქურთუკი მეცვა, ორი წყვილი წინდა, თავზე პირსახოცი მქონდა შემოხვეული.

ჩემი მხრიდან აზარტულ თამაშებში ჩართვა სულელური და წინდაუხედავი საქციელი იყო. ამის გამო რუმინელი პატიმრის ვალი მქონდა 700 ევროს ოდენობით. ისინი ჩემს საკანში შემოვიდნენ და ცემით მემუქრებოდნენ, თუ არ გადავიხდიდი. ჩემი მეგობრის დახმარება რომ არა, რომელმაც საბანკო გადარიცხვით ვალი გადაიხადა, დღეს სხვა ადამიანი ვიქნებოდი. ამ გამოცდილებას ჩემზე ღრმა გავლენა ჰქონდა. ამ მოგონებას მთელი ცხოვრება შევინახავ“, – მოჰყავს ბეკერის სიტყვები გამოცემა Nordic Magazine-ს.