„ბორდოს“ მწვრთნელი - დავითაშვილმა ძალები აღიდგინა და ძველებურად ათამაშდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ბორდოს“ მწვრთნელი - დავითაშვილმა ძალები აღიდგინა და ძველებურად ათამაშდა [ვიდეო] #1TVSPORT

„ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა დავიდ გიონმა girondins 33-თან ინტერვიუში გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებულ თამაშზე ისაუბრა, რაც 4-4-2 სათამაშო სქემაზე დაბრუნებით ახსნა. ამ კონტექსტში კი ზურიკო დავითაშვილის როლი გამოარჩია.

„ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელების დატვირთვას ყურადღებით ვაკვირდებით. შევამჩნიეთ, რომ გარკვეულ ეტაპზე ზოგიერთი გადაიღალა და დასვენება სჭირდებოდა. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმები თავიდან ავიცილოთ და ბოლო მატჩებში ყველა მოთამაშე კარგ ფორმაში იყოს.

ზურიკო დავითაშვილი გუნდს სწრაფად მოერგო. ის აგვისტოში შემოგვიერთდა და „დიჟონთან“ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად მონდომებით ვარჯიშობდა, თავისი დრიბლინგებითა და სისწრაფითაც საინტერესო მოთამაშე იყო.

ზურიკოს სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩავარდნა ჰქონდა – ნაკლებად ენერგიული იყო და გადაწყვეტილებებს ნელა იღებდა. ვგრძნობდი, რომ ცოტა დამშვიდება და დასვენება სჭირდებოდა. ბოლო ორი კვირაა ძალები აღიდგინა და ძველებურად ათამაშდა.

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დავითაშვილი მარჯვენა ფლანგიდან მეტ საგოლე მომენტს ქმნის და უფრო სახიფათოა. ვცდილობთ, მისი გუნდთან შეთამაშებაც გავაუმჯობესოთ. მოედნის ცენტრში ბურთის ართმევაზე ბევრს მუშაობს და როცა 4-4-2 სათამაშო სქემით ვთამაშობთ, გუნდს ძალიან ეხმარება.

ცდილობს, დაცვას ხშირად დაეხმაროს, მაგრამ უფრო კონცენტრირებული უნდა იყოს. დავითაშვილს კარგად ესმის, რომ დაცვის დროს, განსაკუთრებით დასკვნით ფაზაში, უფრო ყურადღებით უნდა ითამაშოს“, – ამბობს „ბორდოს“ მწვრთნელი.