„ბორდოს“ მწვრთნელი - დავითაშვილი თავის გამოჩენას გადამწყვეტ მატჩებში ახერხებს, ეს ყველას არ შეუძლია #1TVSPORT
„ბორდოს“ მწვრთნელი - დავითაშვილი თავის გამოჩენას გადამწყვეტ მატჩებში ახერხებს, ეს ყველას არ შეუძლია #1TVSPORT

„ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი დავიდ გიონი გახარებულია, რომ ბოლო ტურებში ზურიკო დავითაშვილი შესანიშნავად ათამაშდა. 22 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა „ლავალთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში დიდი როლი შეასრულა – გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

დავიდ გიონის აზრით, ზურიკო დავითაშვილი შესაბამის ფიზიკურ მზადყოფნაშია და ყველას აჩვენა, „ბორდოსთვის“ როგორი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონზე მეხუთე გოლი გაიტანა.

„ვფიქრობ, ზურიკოს მდგომარეობას საკმაოდ კარგად ვაკონტროლებდით. ბოლო ორ თვეში, როცა ის რეგულარულად თამაშობს, ვხედავთ, რომ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. მას აქვს დრიბლინგი, სისწრაფე და შესანიშნავი დარტყმა. ისიც მომწონს, რომ დავითაშვილი საუკეთესო თვისებების გამოვლენას მეტოქის საჯარიმოში ახერხებს. ეს კი საშუალებას აძლევს, შეტევები გაამწვავოს და გაიტანოს.

მინდა, ზურიკოს მეტი პასუხისმგებლობაც დავაკისრო. მიუხედავად იმისა, რომ ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, საერთაშორისო დონეზე (ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში) ოცდაათ მატჩამდე (24 მატჩი, სამი გოლი) ჩაატარა. ეს გამოცდილება უნდა გაუზიაროს და გადასცეს გუნდს. როდესაც მნიშვნელოვანი მატჩებია, ვხედავთ, რომ ის მშვიდია და არ ნერვიულობს. ასეთი ფეხბურთელი, რომელსაც გადამწყვეტ მატჩებში თავის გამოჩენა შეუძლია, ბევრი არ არის“, – განაცხადა დავიდ გიონმა.