„ბორდოს“ მწვრთნელი - დავითაშვილი შეკრებაზე ძალიან კარგი იყო, მან საკუთარ თავზე თამაში მეტად უნდა აიღოს #1TVSPORT
„ბორდოს“ მწვრთნელი - დავითაშვილი შეკრებაზე ძალიან კარგი იყო, მან საკუთარ თავზე თამაში მეტად უნდა აიღოს #1TVSPORT

ზამთრის შეკრების შეჯამებისას „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ გიონმა ორი მოთამაშე შეაქო – ჟუნიორ მუანგა და ზურიკო დავითაშვილი, რომელიც საკონტროლო შეხვედრებში შესანიშნავად გამოიყურებოდა. ამის შესახებ მწვრთნელმა გამოცემა girondins33-თან ისაუბრა.

„ვარჯიშებს მაღალი ფიზიკური დატვირთვების ფონზე ვატარებდით, რაც მთელი გუნდისთვის რთული იყო. მოსამზადებელ პერიოდში ჩვენ შევძელით სხვადასხვა სათამაშო სქემის მოსინჯვა. ზურიკო დავითაშვილი სამივე თამაშში ეფექტური იყო. მინდა, რომ მან კიდევ უფრო მეტი ინდივიდუალიზმი და ლიდერის თვისება გამოავლინოს, რათა შეტევაში თავისი პოტენციალი სრულად აჩვენოს.

დავითაშვილმა ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მეტი შეუძლია. ზურიკო ეფექტური იყო ამხანაგურ მატჩებში. ჩვენ გვყავს ტექნიკური მოთამაშეები, რომლებსაც არ უჭირთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება დავითაშვილს სხვაზე ნაკლებად არ შეუძლია“, – აცხადებს „ბორდოს“ მწვრთნელი.

საფრანგეთის ლიგა 2-ში საშემოდგომო ეტაპზე ჩატარებული 15 ტურის შემდეგ „ბორდო“ მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლე ავრს“ 4 ქულით ჩამორჩება. გუნდი სეზონს 26 დეკემბერს სწორედ ლიდერთან გასვლითი მატჩით განაახლებს.

ზურიკო დავითაშვილმა შეკრებაზე სამი თამაში ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა. ბოლოს მან ეს „ნიორთან“ შეხვედრაში შეძლო, რომელშიც „ბორდო“ 3:5 დამარცხდა.