„ბორდომ“ მეორე ადგილი დაიბრუნა - დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში მესამე გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილისა და „ბორდოსთვის“ „გრენობლთან“ შეხვედრა წარმატებული გამოდგა. 22 წლის ქართველი შემტევი „ჟირონდელების“ ძირითად შემადგენლობაში გოლით დაბრუნდა, ხოლო გუნდმა 3:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების შემტევმა საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა. დავითაშვილი მატჩის დასაწყისში ძალიან აქტიური იყო, მეტოქის კარის აღება მან რამდენჯერმე სცადა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი „ბორდომ“ ჯოშ მაჯას გოლით მოიგო.

შესვენების შემდეგ მასპინძლები კვლავ დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ზურიკო დავითაშვილიც ბევრს ცდილობდა და 57-ე წუთზე სხვაობა გაზარდა. ქართველმა შემტევმა ბურთი მოედნის სიღრმეში მიიღო, მცველს გვერდი აუარა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გოლის გატანა მოახერხა – 2:0. 64-ე წუთზე ჯოშ მაჯამ დუბლი შეასრულა და „ბორდომ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა – 3:0.

32-ე ტურის შემდეგ დავითაშვილის გუნდმა 59 ქულა დააგროვა, გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ (58) გადაასწრო და მეორე ადგილი დაიბრუნა. ქართველმა შემტევმა კი მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა. ეს ზურიკოსთვის პირველი გოლია 20 დეკემბრის შემდეგ. მაშინ მან „სოშოს“ კარი აიღო.

მატჩი სრულად: nakrebi.ge