ბონდო მძინარაშვილი - „ქართული ოცნება“ დღეს თანამზრახველთა პარტიაა
ბონდო მძინარაშვილი - „ქართული ოცნება“ დღეს თანამზრახველთა პარტიაა

„ქართული ოცნება“ დღეს თანამზრახველთა პარტიაა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ პარტიაში თანამოაზრეები არ არიან. ესენი რომ თანამოაზრეები ყოფილიყვნენ, ამ პროცესების მოწმე არ ვიქნებოდით. ამას, რასაც ახლა ვიტყვი, სააკაშვილთან დაკავშირებით ვამბობდი და ახლა შემიძლია, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებითაც ვთქვა, რომ როცა ადამიანები თანამოაზრეები არიან, ისინი პატივისცემას იმსახურებენ, მაგრამ როდესაც ადამიანები თანამზრახველები ხდებიან, ისინი სასჯელს იმსახურებენ“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს არც იდეა აერთიანებთ და არც ერთნაირი იდეალები თუ ღირებულებები არ აქვთ.

„ამ ადამიანებს არაფერი აერთიანებთ. მათ მხოლოდ ერთი ვინ აერთიანებს. არ ვიცი, ძიძიგური იზიარებს ოხანაშვილის მოსაზრებებს? მისი მსოფლმხედველობის ადამიანია? უნდა გამოვიდნენ და თქვან“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არ არის.

„არჩილ თალაკვაძე არავის ლიდერი არ არის. მას დეპუტატები პატივს არ სცემენ. ფიზიკურად რომ არ სცემენ, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ პატივს სცემენ? ეს ადამიანი არავისგან არ იმსახურებს პატივისცემას. ის დაუყენეს საპარლამენტო უმრავლესობას, ისეთ ადამიანებს, რომლებმაც იბრძოლეს და ოფლი დაღვარეს“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, უნდა, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს ხედავდეს.

„მაჟორიტარი დეპუტატი იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, რომ სადღაც, რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებელს, თუ მერს რაღაც ტენდერის წილში ჩაუჯდეს და იქედან რაღაც მიიღოს“, – განაცხადა ბონდო მძინარაშვილმა.

დატოვე კომენტარი