ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვებით მამარდაშვილის „ვალენსიამ“ აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია #1TVSPORT
ბოლო წუთებზე მოპოვებული გამარჯვებით მამარდაშვილის „ვალენსიამ“ აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია #1TVSPORT

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატში „ვალიადოლიდთან“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება (2:1) მოიპოვა და ლა ლიგის აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია.

„მესტალიაზე“ გამართულ 31-ე ტურის შეხვედრაში მეტოქეებმა ერთმანეთს გოლები აჩუქეს. სტუმრები მეექვსე წუთზე მუქტარ დიახაბის შეცდომით დაწინაურდნენ. „ვალენსიას“ მცველს ბურთი „ვალიადოლიდის“ თავდამსხმელმა კაილი ლარინიმ აართვა და მამარდაშვილთან მარტო დარჩენილმა ზუსტად დაარტყა.

მეორე ნახევარში „ვალენსიამ“ შეუტია და მიზანს 64-ე წუთზე მიაღწია. დიახაბიმ შეცდომა „ვალიადოლიდის“ მეკარის, ჟორდი მასიპის უხეში შეცდომის ხარჯზე გამოისყიდა. „ვალენსიას“ მცველის თავური დარტყმის მოგერიება კარის დარაჯს შეეძლო, მაგრამ ეგონა, რომ ბურთი კუთხურზე გადიოდა და გოლი მიიღო.

„ღამურებს“ გამარჯვება ხავი გუერამ მოუტანა. სათადარიგოთა სკამიდან შესული 19 წლის შემტევი 90+3-ე წუთზე საჯარიმოსთან მეტოქეს ეფექტურად გასცდა, ბრწყინვალედ დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

31 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში „ვალენსიას“ 33 ქულა დაუგროვდა, სამი ადგილით (მე-16) დაწინაურდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა „კადისს“ (32), „ხეტაფესა“ (31) და „ესპანიოლს“ (28) მცირე სხვაობით ასწრებს.