ბოლო ინფორმაცია „დინამო თბილისში“ განვითარებულ მოვლენებზე - ჩისკომ წასვლა თავად გადაწყვიტა, მწვრთნელად ნემსაძე მოიაზრება
ბოლო ინფორმაცია „დინამო თბილისში“ განვითარებულ მოვლენებზე - ჩისკომ წასვლა თავად გადაწყვიტა, მწვრთნელად ნემსაძე მოიაზრება

გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩისკო მუნიოსმა თანამდებობა დატოვა, ხოლო მის ადგილზე მუშაობა „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, გიორგი ნემსაძეს შესთავაზეს.

ბევრისთვის დაუჯერებელი იყო ეს ინფორმაცია. მიიჩნიეს, რომ გუნდის მეპატრონე რომან ფიფიამ ესპანელი მწვრთნელი გაუშვა. სინამდვილეში, ეს ასე არ არის – ჩისკომ, რომელმაც შარშან და წელს გუნდში ჩემპიონობამდე მიიყვანა, კლუბი 2019 წლის დეკემბერში ლიცენზიის პრობლემის გამო დატოვა.

ესპანელმა სპეციალისტმა გუნდი წელს მეორედ ჩაიბარა – ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაზე ალბანურ „ტირანასთან“ საშინაო წაგების (0:2) შემდეგ. მან თბილისურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენი ინფორმაციით, წასვლა თავად ჩისკომ გადაწყვიტა, რადგან ესპანეთში მუშაობა შესთავაზეს, პანდემიის დროს კი ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა – სამუშაოს ყველა თავის სამშობლოში ეძებს.

ჩვენი ინფორმაციით, და ეს მნიშვნელოვანი დეტალია, „დინამოს“ ჩისკოს გაშვება არ სურდა, მაგრამ საბოლოოდ, გუნდის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ესპანელის მოთხოვნას დათანხმებულიყო და ახლა „დინამო“ მის შემცვლელს ეძებს.

საქართველოს პირველი არხის ცნობით, თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელობის კანდიდატი გიორგი ნემსაძეა. შევიტყვეთ, რომ მას თანამშრომლობა შესთავაზეს და ამის შემდეგ ნემსაძემ და კლუბმა მოსაფიქრებლად დრო აიღეს – წესით, ბევრი რამ, შესაძლოა, უახლოეს საათებშიც გაირკვეს.