ბოლნისის „სიონმა“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT
ბოლნისის „სიონმა“ ახალწვეულები წარადგინა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონი“ სეზონისწინა მზადებას აგრძელებს. გუნდი არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს მარნეულის საფეხბურთო ცენტრში, სადაც ამხანაგურ მატჩებსაც გამართავს.

გუნდის პრესსამსახურმა მორიგი საკადრო სიახლეები გაავრცელა. ბოლნისურ კლუბში ითამაშებს გამოცდილი დავით მაისაშვილი. 35 წლის მცველი „სიონს“ დუშეთის „არაგვიდან“ შეუერთდა, სადაც 33 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. გამოცდილ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს უთამაშია მარტვილის „მერანში“, გორის „დილაში“, საჩხერის „ჩიხურასა“ და წყალტუბოს „სამგურალში“.

„სიონის“ მაისურს მოირგებს 20 წლის საბა ზოიძეც, რომელიც გუნდს ფოთის „კოლხეთიდან“ შეუერთდა. ბოლნისში „გაგრადან“ დაბრუნდა 28 წლის ნახევარმცველი ბექა გაბისკირია, რომელიც „სიონში“ 2021 წელსაც გამოდიოდა. მანამდე გუნდთან კონტრაქტი გააფორმეს „ვიტ ჯორჯიას“ 24 წლის მცველმა, ირაკლი ჯავახიშვილმა და გორის „დილას“ 29 წლის მცველმა, გიორგი გაფრინდაშვილმა.

ეროვნული ლიგა 2-ის 2025 წლის სეზონს „სიონი“ დებიუტანტ ტყიბულის „მეშახტესთან“ დაპირისპირებით გახსნის. შეხვედრა ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 9 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.