ბოლნისის „სიონი“ უკმაყოფილოა - კლუბში აცხადებენ, რომ პლეი ოფის მატჩის თარიღის ცვლილების შესახებ დაგვიანებით გახდა ცნობილი
ბოლნისის „სიონი“ უკმაყოფილოა - კლუბში აცხადებენ, რომ პლეი ოფის მატჩის თარიღის ცვლილების შესახებ დაგვიანებით გახდა ცნობილი

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა. ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლნისის „სიონი“ მესამე ადგილზე გავიდა და პლეი ოფში უმაღლესი ლიგის საგზურისთვის ეროვნულ ლიგაში მერვე ადგილზე გასულ ბათუმის „დინამოს“ შეხვდება.

წინასწარ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, 29 ნოემბერს შეხვედრა ბოლნისში უნდა გამართულიყო, ხოლო 3 დეკემბერს – ბათუმში, მაგრამ მატჩების გამართვის თარიღი შეიცვალა, რასაც „სიონის“ ხელმძღვანელობა კრიტიკული წერილით გამოეხმაურა.

„ჩემპიონატის დაწყებამდე და შემდეგაც ცნობილი იყო, რომ პლეი ოფის შეხვედრები 29 ნოემბერს და 3 დეკემბერს უნდა გამართულიყო. არსებობს კალენდარი, რომელიც ფედერაციიდან ჩვენმა კლუბმა სეზონის დასაწყისში მიიღო, სადაც მკაფიოდ წერია პლეი ოფის ჩატარების თარიღი. გარდა ამისა, 24 ნოემბერს ჩვენი კლუბის წარმომადგენლებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის შედგა კომუნიკაცია, სადაც აღნიშნული მატჩის 29 ნოემბერს ჩატარება დადასტურდა. სამწუხაროდ, მხოლოდ 26 ნოემბერს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ თამაში, 29 ნოემბრის ნაცვლად, 30-ში ჩატარდება. როგორც წესია, მატჩის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ კლუბს ოფიციალური წერილი გონივრულ ვადაში ეგზავნება, იმისათვის, რომ კლუბი კონკრეტული მატჩისთვის მოემზადოს, აუცილებელი საორგანიზაციო საკითხები მოაგვაროს (მატჩის უსაფრთხოება, სამედიცინო უსაფრთხოება, ვარჯიშების განრიგი, სასტუმროს ჯავშანი, მატჩის ანონსი და სხვა). საპლეიოფო მატჩამდე სამი დღით ადრე, ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე, 23:20 საათზე ჩნდება ინფორმაცია, რომ თამაში გაიმართება 30 ნოემბერს, მაშინ როდესაც კლუბში არანაირი ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე არაა გაგზავნილი“, – წერია „სიონის“ განცხადებაში.

ბოლნისელთა თქმით, ამან კლუბს გეგმები აურია.

„მაშინ, როდესაც კლუბის მოსამზადებელი გეგმა მთლიანად ორგანიზებული იყო 29 ნოემბრისთვის, რატომ არ მოხდა კლუბში ოფიციალური წერილის გაგზავნა, რატომ გვითხრეს ჩვენ სხვა თარიღი და ბათუმის „დინამოს“ სხვა?! ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ფედერაციის მხრიდან მეტი სიმპატია ამჟამინდელი უმაღლესი ლიგის გუნდისკენ იკვეთება?! ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამის ამოქმედების შემდეგ, როდესაც დღის წესრიგში დადგა ფეხბურთის პოპულარიზაცია, მაყურებლის სტადიონზე მოზიდვის აუცილებლობა, მსგავსი ტექნიკური, თითქოს უმნიშვნელო ფაქტები, რეგიონში ფეხბურთის განვითარებას ნამდვილად ვნებს“, – აცხადებენ კლუბში.