„ბოკა“ და „რივერი“ ესპანეთში არიან და ფინალისთვის ემზადებიან
„ბოკა“ და „რივერი“ ესპანეთში არიან და ფინალისთვის ემზადებიან

ლიბერტადორესის თასის ფინალისტებმა – „ბოკა ხუნიორსმა“ და „რივერ პლეიტმა“ ფინალის საპასუხო მატჩისთვის მზადება დაიწყეს. შეხვედრა 9 დეკემბერს, მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

როგორც სააგენტო AFP წერს, ესპანეთის დედაქალაქში უკვე ორივე გუნდი ჩავიდა და მომზადებისთვის ბაზა აირჩია. „ბოკა ხუნიორსი“ ესპანეთის ნაკრების ბაზაზე მუშაობს, „რივერ პლეიტი“ „რეალის“ ინფრასტრუქტურას იყენებს.

ადრე ორივე კლუბმა გამოთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება განმეორებითი მატჩის მადრიდში ჩატარებაზე, მაგრამ სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება არ შეცვალა.

ლიბერტადორესის თასის ფინალის პირველი მატჩი 2:2 დასრულდა. განმეორებითი მატჩი 23 ნოემბერს იმის გამო არ შედგა, რომ „რივერ პლეიტის“ გულშემატკივრებმა „ბოკას“ ავტობუსს ქვები და ბოთლები დაუშინეს და რამდენიმე ფეხბურთელი დააზიანეს.