ბოდრუმის რაიონის ოთხ დასახლებაში ხანძარი გავრცელდა
ბოდრუმის რაიონის ოთხ დასახლებაში ხანძარი გავრცელდა

თურქეთის სამხრეთში ტყის ხანძრის გამო, ევაკუირებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივი გამოცემა „ჰურიეთ დეილი ნიუსი“ წერს, რომ ხანძარი მუღლას პროვინციაში, ბოდრუმის რიონის ოთხ დასახლებაში გავრცელდა. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, 28 დასახლებული რაიონიდან ევაკუირებულია 16 600-ზე მეტი ადამიანი.

ამ დროისთვის 38 პროვინციაში ხანძრის 163 კერიდან ლოკალიზებულია 152. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 51 ვერტმფრენი, 16 თვითმფრინავი და 5 200 მეხანძრე.

ერთი კვირის წინ გაჩენილ ხანძარს თურქეთში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხანძრის ჩაქრობაში დასახმარებლად თურქეთში თვითმფრინავები და მეხანძრეები გაგზავნეს ესპანეთმა, ხორვატიამ, აზერბაიჯანმა, ირანმა, რუსეთმა და უკრაინამ.