ბობი მილევსკი - გიბრალტარში გველოდება ხელოვნურსაფარიანი მოედანი და გრძელი გზა #1TVSPORT
ბობი მილევსკი - გიბრალტარში გველოდება ხელოვნურსაფარიანი მოედანი და გრძელი გზა #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბობი (ბლაგოია) მილევსკიმ ბულგარეთთან მატჩი (1:1) შეაფასა. მისი თქმით, თამაშს თავიდან ბოლომდე მისი გუნდი აკონტროლებდა.

„ახალი ციკლი დავიწყეთ ძლიერ მეტოქესთან მატჩით, რომელიც ჩვენს C ჯგუფში ერთ-ერთი ფავორიტია. მაგრამ ამ შედეგით ბევრი არაფერი იცვლება და არაფერი დამთავრებულა. ჯგუფში პირველი ადგილის ფავორიტები სულაც არ ვართ, ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო“, – ამბობს ბობი მილევსკი.

მან მატჩის პერიპეტიებზე ისაუბრა:

„ვფიქრობ, პირველივე წუთებიდან მატჩის დასრულებამდე თამაშს ვაკონტროლებდით. პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტით კმაყოფილი არ ვიყავი. მათ ერთხელ გაიტანეს. ჩვენ კი იდეალური მეორე ნახევარი ჩავატარეთ, რადგან მოედნის ყველა მონაკვეთზე ვდომინირებდით, სამწუხაროდ, კარგი მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. ამას ვერ დავაბრალებ ფეხბურთელებს – ტრაიკოვსკის და ალიოსკის გარდა, ფორმაში თითქმის არავინ არის“.

მილევსკის თქმით, მოგებას მისი გუნდი იმსახურებდა:

„ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება. ახლა მხოლოდ გიბრალტართან მატჩზე ვფიქრობთ. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში წააგეს, ჩვენ მათ უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით. გიბრალტარში გველოდება ხელოვნურსაფარიანი მოედანი და გრძელი გზა. ასე რომ, ადვილი მატჩი არ იქნება”.