„ბლუმბერგი“ - ნატო-ს ქვეყნების სამხედრო მეთაურები რუს კოლეგებთან ტელეფონით მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ იქნებიან ჩათრეული ომში
„ბლუმბერგი“ - ნატო-ს ქვეყნების სამხედრო მეთაურები რუს კოლეგებთან ტელეფონით მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ იქნებიან ჩათრეული ომში

ნატო-ს ქვეყნების სამხედრო მეთაურები რუს კოლეგებთან ტელეფონით მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ იქნებიან ჩათრეული ომში უკრაინის საზღვარზე გაუგებრობის გამო. ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ წერს.

საუბარი ორი მხარის სამხედრო მეთაურებს შორის მარტივი არ არის, თუმცა მაღალჩინოსნები ცვლიან ინფორმაციას ჯარების გადაადგილებასთან და სხვა გეგმებთან დაკავშირებით – ამბობს „ბლუმბერგთან“ ანონიმურად საუბრისას ევროპელი დიპლომატი.

სატელეფონო კომუნიკაციის ანალოგიური მექანიზმი აშშ-ის შექმნილი ჰქონდა სირიაში, რუსეთის ძალებთან კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში რუსული რაკეტები ჩამოვარდა უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლვოვთან, რომელიც კონფლიქტს გამოქცეული ადამიანების შეკრების წერტილად იქცა. გასულ შაბათ-კვირას კი, რუსეთმა საჰაერო დარტყმა განახორციელა ლვოვის ოლქში სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან 22 კილომეტრში მდებარეობს. მანამდე, გასულ კვირაში სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატმა რამდენიმე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის თავზე გადაიფრინა, ვიდრე ხორვატიაში ჩამოვარდებოდა.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, დასავლელი მაღალჩინოსნები ღელავენ, რომ უფრო სერიოზულმა ინციდენტმა, მაგალითად რუსეთის სარაკეტო დარტყმამ ნატო-ს ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლოა, ესკალაცია გამოიწვიოს და ალიანსი რუსეთთან კონფლიქტში ჩართოს.

გამოცემის ცნობით, მსოფლიოს ორი უდიდესი ძალის შეჯახება არის კოშმარული სცენარი, რომლის თავიდან ასაცილებლად სამხედრო მაღალჩინოსნები მუშაობენ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა თავისი პირველი ატომური ბომბი მოიპოვა ცივი ომის დასაწყისში. უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ამგვარი პერსპექტივა ორივე მხარის ლიდერების გათვლებში პირველად გაჩნდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

„საჰაერო სივრცეში მეტი სამხედრო მოქმედებებით, დრონებით, თვითმფრინავებით, არის რისკი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასეთი ინციდენტები და შემთხვევები თავიდან ავიცილოთ და თუ ასეთი რამ მოხდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი კონტროლიდან არ გავა“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიმდინარე კვირაში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის წინ.