„ბლუმბერგი“ - „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს
„ბლუმბერგი“ - „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, რუსულ ენერგოგიგანტს სურს, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პირველი ხაზით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება პირველ ოქტომბერს დაიწყოს. თუმცა, ევროპაში ახალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყების ვადა საბოლოოდ დამოკიდებულია გერმანიის მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე.

გაზსადენის ორივე ხაზის ამოქმედება კი პირველი დეკემბრიდან იგეგმება.

„ბლუმბერგის“ ცნობით, „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს ჯერ კიდევ სჭირდება ტექნიკური სერტიფიცირება და დაზღვევა, რისი მიღებაც შესაძლოა, გართულდეს გასულ წელს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ამასთან, გაზსადენის ოპერატორს სჭირდება გერმანიის მარეგულირებლის ნებართვა, რომელიც ამჟამად განაცხადს განიხილავს.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ამოქმედება თავდაპირველად 2019 წელს იგეგმებოდა, თუმცა პროცესი ფერხდებოდა, რადგან აშშ სანქციებით ემუქრებოდა მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს. გაზსადენის დასრულების პერსპექტივები შეიცვალა, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიისთვის სანქციების დაწესებაზე, ასევე გერმანიასთან შეთანხმება გააფორმა.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.