ბითაძის სუპერმატჩი და რეკორდი – გოგამ „მინესოტასთან“ 25 წუთში 14 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT
„ინდიანამ“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის შეხვედრაში „მინესოტას“ უმასპინძლა. მატჩი სანახაობრივი და დაძაბული აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში კი „პეისერსის“ გამარჯვებით დასრულდა 141:137.
ეს შეხვედრა გოგა ბითაძესთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან დომანტას საბონისისა და მაილს ტერნერის ტრავმების გამო, ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულიდან იწყებდა და სათამაშო დროც ჩვეულებრივზე უფრო მეტი ჰქონდა – 25 წუთი და 24 წამი. ახალგაზრდა ცენტრმა კი თითოეული წამი შესანიშნავად გამოიყენა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ამ დროში მან 14 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში და 1 დაცვაში), 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. გოგამ შვიდი ორქულიანიდან ოთხი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი ბედი ოთხჯერ სცადა და ორჯერ ბურთი კალათში მოათავსა. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ ოთხჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ის, რომ 14 ქულა ბითაძის NBA-ში ყოფნის პერიოდში საუკეთესო შედეგია, აქამდე მას 13 ქულა „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ ჰქონდა მოპოვებული.
https://twitter.com/Pacers/status/1379946873453154304
https://twitter.com/Pacers/status/1379954166903287814
შეხვედრის პირველი ტაიმი „ინდიანას“ უპირატესობით მიმდინარეობდა და შესვენებაზე ბიორკგრენის გუნდი 21-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მეორე ტაიმში „მინესოტამ“ თამაშის შემოტრიალება სცადა და მეტოქეს 17 ქულაც დაუქაჩა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და „პეისერსმა“ მიმდინარე რეგულარულში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.
32 ქულით, 16 მოხსნითა და 6 პასით ამ მატჩში საუკეთესო კარლ ენტონი ტაუნსი იყო. 27 ქულა დააგროვა ენტონი ედვარდსმა. „პეისერსიდან“ საუკეთესო ტი ჯეი მაკკონელი იყო, რომელმაც 19 ქულითა და 15 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 22 და 21 ქულა ჰქონდათ, შესაბამისად აარონ და ჯასტინ ჰოლიდეის.
ინდიანა – მინესოტა 141:137
https://www.youtube.com/watch?v=y6GBfHUVDLM
„ინდიანა“ შემდეგ შეხვედრას 10 აპრილს „ორლანდოს“ წინააღმდეგ გამართავს და თუ გავითვალისწინებთ ორი წამყვანი ცენტრის ტრავმებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბითაძე კვლავ სასტარტო შემადგენლობაში იქნება.