ბითაძის სამი საჯარიმო და „პეისერსის“ მარცხი - „სიქსერსმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის სამი საჯარიმო და „პეისერსის“ მარცხი - „სიქსერსმა“ პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც არაერთ საინტერესო მატჩთან ერთად გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმაც“ ითამაშა. რიკ კარლაილის გუნდი „ფილადელფია სიქსერსს“ ესტუმრა და 106-120 დამარცხდა.

გოგა სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ 21:53 წუთი ითამაშა. ქართველ კალათბურთელს შეტევაში ბევრი შანსი არ მისცემია – მან 2-ჯერ ისროლა თამაშიდან (1 სამქულიანი და 1 ორქულიანი) და ორივეჯერ უშედეგოდ, საჯარიმოს ხაზთან კი 4-ჯერ დადგა და 3 ბურთი ჩააგდო. შესაბამისად, მის ანგარიშზე 3 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას ბურთი არ დაუკარგავს და 3-ჯერ დაჯარიმდა.

რაც შეეხება შეხვედრას, შეიძლება ითქვას, რომ „სიქსერსმა“ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა – დოკ რივერსის გუნდი მეტოქეს 18 ქულით გაექცა. „პეისერსმა“ მესამე მეოთხედში სხვაობა 14 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა და საბოლოო ჯამში, „ფილადელფიამ“ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრაში საუკეთესო ჯეიმს ჰარდენი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – მან 29 ქულა, 11 პასი და 9 მოხსნა დააგროვა, 26 ქულა ჰქონდა ჯოელ ემბიიდს. „ინდიანას“ მხრიდან ტაირის ჰალიბერტონი გამოირჩა, რომელმაც ორმაგი დუბლი 19 ქულითა და 10 პასით გაიფორმა, ორმაგი დუბლი ჰქონდა ასევე ჯეილენ სმიტს – მის ანგარიშზე 17 ქულა და 10 მოხსნაა.

„ინდიანა პეისერსი“ მომდევნო შეხვედრას 27 ოქტომბერს „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს.