ბითაძის ქულა და „პეისერსის“ მარცხი - საბონისის სამმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის ქულა და „პეისერსის“ მარცხი - საბონისის სამმაგი დუბლი საკმარისი არ აღმოჩნდა [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ რეგულარულ სეზონში რიგით 23-ე შეხვედრა გამართა და შეიძლება ითქვას, რომ წელს საკმაოდ სუსტად გამოიყურება. რიკ კარლაილის გუნდი „მილუოკი ბაქსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „მინესოტას“ სტუმრად დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 98:100 დამარცხდა.

ქართველი ცენტრი პარკეტზე მესამე მეოთხედში გამოჩნდა, როცა პერიოდის ამოწურვამდე 5:45 წუთი იყო დარჩენილი. გოგამ მეოთხედი ჩაამთავრა, შემდეგ კი არ გამოჩენილა. ბითაძემ ამ დროში 1 ქულის, 2 მოხსნისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. მან თამაშიდან ერთი სამქულიანი ისროლა და უშედეგოდ, საჯარიმოს ხაზთან კი 2-ჯერ დადგა და ერთი სროლა ზუსტი აღმოჩნდა. ის მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა.

პირველი ტაიმის შემდეგ „პეისერსი“ 9-ქულიან უპირატესობას ფლობდა, მაგრამ „ტიმბერვულვზმა“ მესამე მეოთხედი მეტოქეს 11 ქულით მოუგეს და ბოლო პერიოდამდე წინ 2 ქულით გავიდნენ. მეოთხე მეოთხედი კი ფრედ 22:22 დასრულდა, რაც კრის ფინჩის გუნდისთვის საკმარისი აღმოჩნდა. „ინდიანას“ 23 მატჩიდან 14 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება.

შეხვედრაში საუკეთესო კარლ-ენტონი ტაუნსი იყო, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა, მის ანგარიშზე 32 ქულა და 8 მოხსნაა. ორმაგი დუბლი 21 ქულითა და 11 პასით მიითვალა დ`ანჯელო რასელმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ასევე 2 მოხსნა დააკლდა. „პეისერსის“ მხრიდან კი საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 16 ქულით, 25 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა.

შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ 2 დეკემბერს „ატლანტასთან“ გამართავს.