ბითაძის მორიგი სასტარტო და 13 ქულა „ბოსტონთან“ - მამუკელაშვილმა „კლიპერსთან“ 8 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის მორიგი სასტარტო და 13 ქულა „ბოსტონთან“ - მამუკელაშვილმა „კლიპერსთან“ 8 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასასრულისკენ მიიწევს. დღეს, 2 აპრილს მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველმა კალათბურთელებმაც მიიღეს მონაწილეობა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ბოსტონ სელტიკსს“ ესტუმრა და 123-128 დამარცხდა.

გოგა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31:49 წუთი ითამაშა. მის ანგარიშზე 13 ქულა, 4 მოხსნა (1 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარებაა. მან თამაშიდან 6-დან 4 ბურთი გამოიყენა – 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 ორქულიანი, საჯარიმოს ხაზთან კი 4-ჯერ დადგა და ოთხივეჯერ ზუსტი იყო. ის მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და 2-ჯერ დაკარგა ბურთი.

 

პირველი მეოთხედი „სელტიკსმა“ 9 ქულით მოიგო. „პეისერსმა“ სხვაობის 5 ქულამდე შემცირება მოახერხა, მაგრამ მაინც დამარცხდა. საუკეთესო 32 ქულით ჯეილენ ბრაუნი იყო, 31 ქულა ჰქონდა ჯეისონ ტეიტუმს, ალ ჰორფორდმა კი 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. რიკ კარლაილის გუნდიდან 30 ქულით ტაირის ჰალიბარტონი გამოირჩა, ხოლო ლენს სტივენსონმა კი 11 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

მოქმედმა ჩემპიონმა, „მილუოკი ბაქსმა“ „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 119-153 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მძიმე ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი ამ შეხვედრაში პირველივე მეოთხედში გამოჩნდა და 22:47 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულის, 4 მოხსნის (1 შეტევაში), 2 პასისა და 2 დაფარების დაგროვება მოასწრო. სანდრომ 3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 ერთქულიანი ჩააგდო. მან ერთხელ დაკარგა ბურთი და ერთხელაც დაჯარიმდა.

ყველაზე შედეგიანი ამ შეხვედრაში რობერტ კოვინგტონი აღმოჩნდა, რომელმაც კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 43 ქულით დააფიქსირა. „ბაქსიდან“ კი საუკეთესო 28 ქულით ჯორდან ნვორა იყო.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 4 აპრილს „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამართავს, „მილუოკი ბაქსი“ კი 3 აპრილს „დალას მავერიკსს“ დაუპირისპირდება.