ბითაძის ათი ქულა ოლადიპოს დაბრუნების მატჩში - გოგამ „ჩიკაგოსთან“ 15 წუთი ითამაშა (ვიდეო)

გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ათქულიან ზღვარს ბოლოს შვიდ ნოემბერს გადააბიჯა. „ჩიკაგოსთან“ საკუთარ არენაზე ჩატარებულ მატჩში კი ნეიტ მაკმილანმა ახალგაზრდა ქართველი ცენტრი მოედანზე 15,07 წუთით გამოიყვანა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 ბლოკი დააგროვა.

შეხვედრა ოვერტაიმში „ინდიანას“ გამარჯვებით, ანგარიშით 115:106 დასრულდა (მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 100:100 დასრულდა). თამაშის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ტი ჯეი უორენი იყო, მის ანგარიშზე 25 ქულაა. დომანტას საბონისმა 15 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ „პეისერსს“ გუნდის ლიდერი ვიქტორ ოლადიპო დაუბრუნდა, რომელმაც 21 წუთში 9 ქულა და 4 გადაცემა დააგროვა. ოლადიპო თამაშის წინ, დარბაზში კობი ბრაიანტის ოლ-სტარის მაისურით შევიდა. „უბრალოდ ვისროლე. Mamba Mentality. ეს კობის ეძღვნება! ასევე ჯიჯის და ყველას, ვინც იმ საშინელ დღეს დაიღუპა“, – განაცხადა ოლადიპომ.