ბითაძის ასპროცენტიანი სიზუსტე - „ინდიანა“ ანტეტოკუნმპოს ვერ გაუმკლავდა [ვიდეო]

„ინდიანა პეისერსის“ მწვრთნელმა  ნეით ბიორკგრენმა ქართველ თავდამსხმელ გოგა ბითაძეს „მილუოკისთან“ მატჩში 13 წუთი მისცა და გოგამაც იმედები არ გაუცრუა: ბურთი არ აუცილებია, 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 5 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა. როდესაც ბითაძე მოედანზე იყო „ინდიანა“ 14 ქულით დაწინაურდა.

ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია „პეისერსში“, რომელმაც „მილუოკი ბაქსთან“ 110:130 დათმო. მასპინძელთა გამარჯვება უმთავრესად იანის ანტეტოკუნმპოს დამსახურებაა, რომელმაც სამმაგი დუბლი მოაგროვა – სამ კომპონენტში ასცდა ათიან ნიშნულს: 21 ქულა, 14 მოხსნა, 10 პასი.

მატჩის ბომბარდირი ბითაძის ლიეტუველი თანაგუნდელი დომანტას საბონისი გახდა – 33 ქულა.

„ინდიანას“ უახლოესი მატჩი შინ „ნიუ ორლეანთან“ 6 თებერვალს ელის.