ბითაძის 8 ქულა ბოლო ოთხ წუთში - საბონისმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის შეხცედრები მიმდინარეობს. წინა სეზონისგან განსხვავებით, უკეთესად გამოიყურება „ინდიანა პეისერსი“, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. რიკ კარლაილის გუნდი ამჯერად სტუმრად „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდა და 114-137 დამარცხდა.

გოგა ბითაძე პარკეტზე შეხვედრის დასრულებამდე 4:01 წუთით ადრე გამოჩნდა, როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ბოლომდე ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულისა და 2 მოხსნის დაგროვება მოასწრო. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

პირველ მეოთხედში „კინგსმა“ 13-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრის დარჩენილ ნაწილში „პეისერსმა“ მატჩის შემოტრიალება ვერ მოახერხა. 22 ქულით ყველაზე შედეგიანი ჰარისონ ბარნსი იყო, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 11 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა დომანტას საბონისმა, მას სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა. ინდიანელების მხრიდან 22 ქულით ბენედიკტ მატურინი გამოირჩა.

მომდევნო შეხვედრას გოგას გუნდი 3 დეკემბერს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.