ბითაძის 8 ქულა 18 წუთში - „ინდიანა“ „სან ანტონიოსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT 

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დაიწყო და უმეტესობა გუნდებმა მეორე შეხვედრები გამართეს. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“, „ვაშინგტონ ვიზარდსთან“ მარცხის შემდეგ, „სან ანტონიო სპურსს“ უმასპინძლა და ზედიზედ მეორე შეხვედრა დათმო. რიკ კარლაილის გუნდი დაძაბულ მატჩში 134-137 დამარცხდა.

გოგა ბითაძე სასტარტო შემადგენლობაში არ იყო, მაგრამ შეხვედრაში მეორე მეოთხედში ჩაერთო და 18:06 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 8 ქულისა და 1 მოხსნის (შეტევაში) დაგროვება მოასწრო. გოგამ პერიმეტრიდან ბურთი 2-ჯერ ისროლა და უშედეგოდ, ორქულიანი კი 5-დან 4 ჩააგდო. ის 4-ჯერ დაჯარიმდა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

რაც შეეხება შეხვედრას, პირველ ტაიმში „სან ანტონიო“ მეტოქეს 15 ქულით გაექცა და ეს უპირატესობა 17-მდე ბოლო პერიოდის დაწყებამდე გაზარდა. მიუხედავად ამისა, „პეისერსმა“ სხვაობის შემცირება მოახერხა და ანგარიშის გათანაბრება ბოლო წამებზეც შეეძლო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, 3 ქულით დამარცხდა.

შეხვედრაში ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო ტაირიზ ჰალიბერტონი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 27 ქულითა და 12 პასით გაიფორმა. ასევე 27 ქულა ჰქონდა „სპურსის“ ჯოშ რიჩარდსონს.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა“ ხვალ, 23 ოქტომბერს, გამთენიისას „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ გამართავს.