ბითაძის 7 ქულა 11 წუთში (ვიდეო)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე გოგა ბითაძის „ინდიანამ” ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. „პეისერსმა“ საკუთარ არენაზე „მილუოკის“ უმასპინძლა და მეტოქესთან უშანსოდ დამარცხდა (83-102). მოგეხსენებათ, რომ ინდიანელებს ძირითადი ცენტრი მაელს ტერნერი დაუბრუნდა, აქედან გამომდინარე ბითაძეს თამაშში ჩართვა სათადარიგოთა სკამიდან უწევდა.

საბოლოო ჯამში ქართველმა ცენტრმა მოედანზე არასრული 12 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 7 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, მისი მოედანზე ყოფნისას კი, „პეისერსმა“ მოწინააღმდეგეზე 3 ქულით ნაკლები მიითვალა.

ინდიანას რიგებში საუკეთესო მაელს ტერნერი (16 ქულა, 11 მოხსნა) იყო. ასევე ორმაგი დუბლი (11 ქულა, 14 მოხსნა) შეასრულა ლიტველმა დომანტას საბონისმა, ტი ჯეი უორენმა კი შეხვედრა 15 ქულით დაასრულა. მილუოკის, ტრადიციულად, იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა. ბერძენი ვარსკვლავის მონაგარი 26 ქულა, 13 მოხსნა და 6 პასი გახლდათ.

პეისერსს 7 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 ნოემბრის დილას, თბილისის დროით 04:30 საათიდან, სტუმრად, „ბრუკლინ ნეტსთან” გამართავს.