ბითაძის 6 წუთი და ორქულიანი „იუტასთან“ – „ინდიანამ“ რეგულარულში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT 

09:18, 12.11.2021

დღეს, 12 ნოემბერს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სამი შეხვედრა გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „იუტა ჯაზს“ ესტუმრა და დამაჯერებელი სხვაობით 111-100 დაამარცხა.

წინა მატჩისგან განსხვავებით, აქ ქართველი კალათბურთელი პარკეტზე გამოჩნდა, მაგრამ ძალიან მცირე დროით – 6:25 წუთით. გოგამ ამ დროში 2 ქულის, 2 მოხსნისა (დაცვაში) და 2 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. მან თამაშიდან ერთხელ ისროლა და ჩააგდო. ბითაძემ ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო, რაც სათამაშო დროის გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრია.

შეხვედრის პირველი მეოთხედი ქულა-ქულაში მიდიოდა და რიკ კარლაილის გუნდმა მხოლოდ 2 ქულით დაწინაურება მოახერხა. მეორე მეოთხედში „ჯაზისთვის“ სიტუაცია გართულდა და „პეისერსმა“ 9-ქულიანი უპირატესობა მიიღო, საბოლოო ჯამში 11 ქულით გაიმარჯვა.

მეოთხე მეოთხედის ბოლოს მაილს ტერნერსა და რუდი გობერს შორის სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს.

https://twitter.com/ActionNetworkHQ/status/1459010710088863745?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1459010710088863745%7Ctwgr%5E%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Fuproxx.com%2Fdimemag%2Frudy-gobert-myles-turner-wrestling-fight-pacers-jazz-ingles-mitchell-ejected-video%2F

ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელმაც 30 ქულა დააგროვა და ორმაგი დუბლის შესასრულებლად 1 მოხსნა დააკლდა. ტი ჯეი მაკკონელის ანგარიშზე 21 ქულა და 8 მოხსნაა. „იუტას“ მხრიდან დონოვან მიტჩელი და რუდი გობერი გამოირჩეოდნენ. „ჯაზის“ გამთამაშებელმა არასრულ 33 წუთში 26 ქულა დააგროვა, ფრანგმა ცენტრმა კი 19 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

იუტა VS ინდიანა

https://www.youtube.com/watch?v=KRTrCrO-GT4&t=113s

ამ რეგულარულ სეზონში „პეისერსს“ 5 მოგება დაუგროვდა და მე-12 პოზიციაზეა, „იუტა ჯაზს“ კი მოგება-წაგებათა ბალანსი 8-4-ზე აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს.

შემდეგ შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი 14 ნოემბერს „ფილადელფია სიქსერსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი