ბითაძის 2:40 წუთი და „ინდიანას“ დასანანი მარცხი ბოლო წუთებზე
ბითაძის 2:40 წუთი და „ინდიანას“ დასანანი მარცხი ბოლო წუთებზე

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ სეზონზე ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო „ტორონტომ”. დასანანია, რომ ეს გამარჯვება კანადელებმა გოგა ბითაძის „ინდიანასთან”, თანაც ბოლო წუთებზე მოიპოვეს. მატჩის დასრულებამდე 2:34 წუთით ადრე „პეისერსი” 11 ქულის სხვაობით იგებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. საფინალო სირენამდე 30 წამით ადრე, სერჟ იბაკამ ზუსტი სამქულიანით „რეპტორსი” წინ გაიყვანა. ესპანელმა ლეგიონერმა 30 ქულა მიითვალა, რაც მისი სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია. კაელ ლაურიმ 32 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა დააგროვა.

როგორც უკვე გითხარით, „ტორონტოსთვის” ეს ზედიზედ მე-12 გამარჯვება გახლდათ, რაც მოქმედი ჩემპიონისთვის ახალი პირადი რეკორდია.

ვიქტორ ოლადიპომ დაბრუნების შემდეგ სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. მის ანგარიშზე 13 ქულაა. „ინდიანადას” რიგებში ყველაზე პროდუქტიული მალკოლმ ბროგდონი იყო, მის ანგარიშზე 24 ქულაა. დომანტას საბონისმა კი მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა (15 ქულა, 11 მოხსნა, 10 პასი).

რაც შეეხება გოგა ბითაძეს, ნეიტ მაკმილანმა 20 წლის ქართველი ცენტრი მხოლოდ 2:40 წუთი შემოიყვანა პარკეტზე.

„ინდიანასთვის” ეს ზედიზედ მესამე მარცხი გახლდათ. „პეისერსი” 31 მოგებითა და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზე იმყოფება. „ტორონტო” მეორე პოზიციაზეა და მხოლოდ „ მილუოკის” ჩამორჩება. ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩსაც „ტორონტოსთან”, ამჯერად საკუთარ არენაზე გამართავს.