ბითაძის 2 ქულა 4 წუთში და „ინდიანას“ მოგება - „მილუოკი“ მამუკელაშვილის გარეშე „მაიამისთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 2 ქულა 4 წუთში და „ინდიანას“ მოგება - „მილუოკი“ მამუკელაშვილის გარეშე „მაიამისთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

დღეს, 9 დეკემბერს გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდა და 122-102 მოუგო. თავისი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმაც“, რომელიც „მაიამი ჰიტთან“ 104-113 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელებიდან გოგას მოუწია თამაში. ის მატჩის მიწურულს, 3:55 წუთით ადრე გამოჩნდა პარკეტზე და ამ დროში 2 ქულისა და 3 მოხსნის (2 შეტევაში) დაგროვება მოასწრო. ბითაძემ თამაშიდან ერთხელ ისროლა და ზუსტად. მას თითო-თითო პერსონალური ფოლი და ბურთის დაკარგვაც დაუგროვდა.

რაც შეეხება შეხვედრას, რიკ კარლაილის გუნდმა თავიდანვე მიიღო უპირატესობა, რომელიც ბოლო წამამდე შეინარჩუნა. „ინდიანამ“ გუნდური თამაშით მოიგო, რაზეც მოთამაშეთა სტატისტიკაც მეტყველებს. ყველაზე მეტი, 23 ქულა კრის დუარტემ მოაგროვა, მაილს ტერნერის ანგარიშზე 22 ქულაა, დომანტას საბონისმა 21 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, 16 ქულა კი მალკოლმ ბროგდონმა მიითვალა. „ნიქსის“ მხრიდან 19 ქულით ერ ჯეი ბარეტი გამოირჩა, 18 ქულა ჰქონდა ჯულიუს რენდლს.

 

ნიუ იორკი VS ინდიანა

ამ მატჩის შემდეგ „პეისერსს“ 11 მოგება და 16 წაგება დაუგროვდა. გოგას გუნდი შემდეგ შეხვედრას 11 დეკემბერს „დალას მავერიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.