ბითაძის 19 წუთი „ჩიკაგოსთან“ – გოგამ 6 პასი დააგროვა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა [ვიდეო] #1TVSPORT

09:55, 07.04.2021

დომანტას საბონისის გარეშე დარჩენილმა „ინდიანა პეისერსმაNBA-ის მორიგ შეხვედრაში „ჩიკაგოს“ უმასპინძლა და მიმდინარე რეგულარულ სეზონში 27-ჯერ დამარცხდა 97:113.

გოგა ბითაძეს ლიეტუველი კალათბურთელის არ ყოფნაში, ამჯერადაც შედარებით უფრო მეტი დრო მიეცა თავის გამოსაჩენად. მან 18 წუთი და 39 წამი ითამაშა. გოგამ ამ დროში ცოტ-ცოტა ყველაფერი მოასწრო, მის ანგარიშზე 4 ქულა, 3 მოხსნა (2 შეტევაში, 1 დაცვაში), 6 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრაა. მან სამიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი სამჯერ ისროლა და სამივეჯერ უშედეგოდ. ბითაძემ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ქართველი კალათბურთელის ასისტების რაოდენობა, რადგან ეს მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში.

 

შეხვედრა „ჩიკაგოს“ უპირატესობით დაიწყო. პირველ ტაიმში ბილი დონოვანის გუნდი მეტოქეს 13 ქულით გაექცა და საბოლოო ჯამში, „ინდიანას“ შეხვედრის შემოტრიალების საშუალება არ მისცა.

ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ნიკოლა ვუჩევიჩს, რომელმაც 32 ქულასთან ერთად 17 მოხსნა დააგროვა. ზაკ ლავინმა 19 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. „პეისერსიდან“ 20 ქულით საუკეთესო კარის ლევერტი იყო.

ინდიანა – ჩიკაგო 97:113

https://www.youtube.com/watch?v=QnFGUTP6QU8

ნეიტ ბიორკგრენის საკადრო პრობლემები გრძელდება. საბონისის ტრავმის შემდეგ ამჯერად გუნდს მაილს ტერნერი გამოაკლდა, რომელსაც შეხვედრის მიმდინარეობისას ფეხი გადაუტრიალდა და კოჭი დაიზიანა. შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე შეხვედრაში „ინდიანას“ ცენტრის პოზიციაზე ორი ვარიანტი რჩება – გოგა ბითაძე და ჯაკარ სემფსონი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართველი ტერნერისა და საბონისის მთავარ შემცვლელად მოიაზრება, დიდია ალბათობა იმის, რომ ბითაძემ შემდეგი შეხვედრები სასტარტო ხუთეულიდან დაიწყოს და სათამაშო დრო საგრძნობლად გაეზარდოს.

https://twitter.com/Pacers/status/1379591604676268034

პეისერსი“ შემდეგ შეხვედრას 8 აპრილს „მინესოტას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი