ბითაძის 19 ქულა და ბეჟანიშვილის ორმაგი დუბლი – ქართველების დუელი G ლიგაში შედგა [ვიდეო] #1TVSPORT

13:17, 15.12.2021

გოგა ბითაძემ ამ სეზონში NBA-ის განვითარების ლიგაში პირველი მატჩი გამართა. „ინდიანა პეისერსის“ G ლიგის გუნდი, „ფორტ ვეინ მედ ანტსი“ გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდს“ დაუპირისპირდა და 139-122 დაამარცხა.

ეს მატჩი ჩვენთვის საინტერესო იყო, რადგან ორივე ქართველმა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა და ორივე მათგანმა შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო.

გოგა ბითაძემ 23 წუთი ითამაშა, რა დროშიც 19 ქულის, 7 მოხსნის (3 შეტევაში), 1 ჩაჭრისა და 3 დაფარების დაგროვებაც მოასწრო. მან 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და საშუალოდან მაღალი პროცენტით გამოირჩა – 8-დან 7 შანსი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზთან კი ერთხელ დადგა და ბურთი კალათში მოათავსა. გოგა მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 6-ჯერ დაკარგა.

რაც შეეხება გიორგი ბეჟანიშვილის, ავსტრიის მოქალაქე ქართველმა კალათბურთელმა 32 წუთი ითამაშა და 16 ქულითა და 10 მოხსნით (4 შეტევაში) ორმაგი დუბლის გაფორმება მოასწრო. მას ასევე 3 შედეგიანი პასიც დაუგროვდა. გიორგიმ სამქულიანი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ, ორქულიანი კი 13-დან 8 ჩააგდო. მან 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 1 პერსონალური ფოლიც მიიღო.

 

შეხვედრის პირველი მეოთხედი „გრანდ რაპიდსმა“ მოიგო, მაგრამ შემდეგ „მედ ანტსმა“ უპირატესობა დაიბრუნა და გამარჯვებაც მოახერხა.

შემდეგ შეხვედრას ეს ორი გუნდი ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ დღეს, 15 დეკემბერს გამართავენ.

მსგავსი