ბითაძის 18 წუთი და 6 ქულა - „ინდიანამ“ წინა სეზონის ფინალისტს 27 ქულით მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 18 წუთი და 6 ქულა - „ინდიანამ“ წინა სეზონის ფინალისტს 27 ქულით მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT

„ინდიანა პეისერსი“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ამჯერად წინა სეზონის ფინალისტს „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდა და მეტოქე საკმაოდ მარტივად დაამარცხა 137:110.

გოგა ბითაძესთვის ეს შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა 17 წუთი და 45 წამი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა, 4 მოხსნა (3 დაცვაში, 1 შეტევაში) და 2 დაფარება დააგროვა. გოგამ ორჯერ ისროლა საშუალოდან და ორივეჯერ ზუსტად, სამქულიანების ჩაგდება კი ვერ მოახერხა და ორიდან ორი ააცილა. ბითაძე ხუთჯერ დადგა საჯარიმოს ხაზთან და კალათში ბურთი ორჯერ მოათავსა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ცენტს ამ შეხვედრაში არაერთი გამორჩეული მომენტი ჰქონდა. ბითაძე ფარს ძალიან კარგად იცავდა და ჯიმი ბატლერსა და ტაილერ ჰიროსაც დაუფარა. ერთ-ერთ ეპიზოდში გოგამ 2 ქულას პლუს ჯარიმაც გამოიმუშავა.

 

 

რაც შეეხება შეხვედრას, „ინდიანამ“ პირველივე ტაიმში მოიპოვა უპირატესობა და მეტოქეს 10-ქულიანი უპირატესობით გაექცა. მატჩის მესამე და მეოთხე პერიოდებიც „პეისერსის“ გამარჯვებით დასრულდა და საბოლოო ჯამში ნეიტ ბიორკგრენის გუნდმა კიდევ ერთი მოგება ჩაიწერა აქტივში.

ყველაზე შედეგიანი მალკოლმ ბროგდონი გამოდგა, რომელმაც 27 ქულა დააგროვა, „ინდიანადან“ კარგი შედეგი ჰქონდა ტი ჯეი მაკონელსა და დომანტას საბონისს, რომლებმაც ორმაგი დუბლები გაიფორმეს, ამერიკელმა კალათბურთელმა 16 ქულასთან ერთად, 15 პასი და 6 მოხსნა მიითვალა, ლიეტუველის ანგარიშზე კი 13 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასია. „მაიამიდან“ საუკეთესო ბემ ადებაიო იყო 20 ქულით, 8 მოხსნით და 5 პასით. ჯიმი ბატლერის ანგარიშზე 17 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასია.

ინდიანასთვის“ ამ გამარჯვების მოპოვება მნიშვნელოვანი იყო. ამ მოგებით „პეისერსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. შემდეგ შეხვედრას ბითაძის გუნდი 21 მარტს, კვლავ „მაიამი ჰიტის“ წინააღმდეგ გამართავს.