ბითაძის 13 ქულა და 7 მოხსნა, ბუდუჩნოსტი ფინალშია (ვიდეო)

მონტენეგროს „ბუდუჩნოსტი“ ადრიატიკის ლიგის ფინალში ითამაშებს.

გოგა ბითაძის გუნდმა ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი ზაგრების „ცედევიტას“ სტუმრად ანგარიშით 78-73 მოუგო და ზედიზედ მეორე ტიტულისთვის იბრძოლებს. ამ გამარჯვებაში საკმაოდ სოლიდური წვლილი 19 წლის გოგა ბითაძემაც შეიტანა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 21:30 წუთში 13 ქულა, შვიდი მოხსნა და ერთი დაფარება ჩაიწერა აქტივში. პოდგორიცას გუნდმა მეორე ტაიმში აჯობა მეტოქეს და ბოლო წუთები გაცილებით უკეთ ჩაატარა. გამარჯვებულთა შორის, 19 ქულით, საუკეთესო ერლ კლარკი იყო.

„ბუდუჩნოსტი“ ფინალურ სერიაში, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ თანაქალაქელი „პარტიზანი“ საერთო სერიაში 2-1 დაამარცხა.