ბითაძის 13 ქულა 20 წუთში და გამარჯვება „ვაშინგტონთან“ (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი სათამაშო დღე შედგა. „ინდიანამ“, რომლის ღირსებას გოგა ბითაძე იცავს, საკუთარ არენაზე ვაშინგტონს უმასპინძლა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით – 121:106 მოუგო.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა აღნიშნულ შეხვედრაში პირადი რეკორდი დააფიქსირა. ბითაძემ მოედანზე 20:06 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა დააგროვა. გოგამ 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძე საკმაოდ აქტიური იყო სამწამიან ზონაში, რადგან მას 8-ჯერ მოუწია საჯარიმოს სროლა. ქართველმა კალათბურთელმა მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ტრავმის მოშუშების შემდეგ, „ინდიანას“ დომანტას საბონისი დაუბრუნდა. ლიეტუველმა სასტარტო ცენტრის პოზიციაზე ითამაშა. 20 წლის ქართველმა ახალბედამ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, თუმცა მოედანზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა.

„ინდიანას“ რიგებში 22 ქულა ტი ჯეი უორენმა დააგროვა. დაგ მაკდერმოტმა მატჩი 19 ქულით დაასრულა. საბონისის ანგარიშზე 13 ქულა, 17 მოხსნა და 7 გადაცემაა. დამარცხებულთა რიგებში ყველაზე მეტი – 30 ქულა ბრედლი ბილმა ჩააგდო.

მომდევნო მატჩს „ინდიანა“ საკუთარ არენაზე, 9 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 04:00 საათზე, „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს.