ბითაძის 11 ქულა და ბუდუჩნოსტის მეოთხე გამარჯვება ევროლიგაზე (ვიდეო)

რთული და საჭირო გამარჯვება მოიპოვა, საკალათბურთო “ევროლიგის” 18-ე ტურში, „ბუდუჩნოსტმა“. მონტენეგროს კლუბმა, საკუთარ მოედანზე, ტურნირის აუტსაიდერი და უშუალო კონკურენტი, თურქული „დარუშაფაკა“ 75-74 დაამარცხა.

ამ მძიმე გამარჯვებაში 11 ქულიანი წვლილი გოგა ბითაძემ შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა 26:31 წუთში, 11 ქულასთან ერთად, 4 მოხსნა, 4 დაფარება და 1 ჩაჭრა გააკეთა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (17), გოგა მხოლოდ ამერიკელ თანაგუნდელ ედვინ ჯეკსონს (22) ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ცენტრმა 6-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა, ერთი სამქულიანი კი ააცილა. „ბუდუჩნოსტმა“ აღნიშნულ შეჯიბრზე მეოთხე თამაში მოიგო და ბოლოსწინა ადგილზე რჩება.

პოდგორიცელები, 19-ე ტურში, საკუთარ მოედანზე, მოქმედ ჩემპიონს და მიმდინარე სეზონის ერთერთ ლიდერს, მადრიდის „რეალს“ მიიღებენ.