ბითაძის 10 წუთი და უქულო შეხვედრა - „ინდიანა“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა [ვიდეო]

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ფილადელფიას“ წინააღმდეგ მორიგი შეხვედრა გამართა და 114:130 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა ამჯერად ქულების მოგროვება ვერ მოახერხა. ბითაძის ანგარიშზე 1 მოხსნა და 1 პასია. მან სამჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. გოგამ 3-ჯერ სცადა მეტოქის კალათში ოქულიანი ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ, პერიმეტრიდან კი მხოლოდ ერთხელ ისროლა და აქაც სიზუსტე დააკლდა. მიუხედავად ამისა, ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი „ფილადელფიას“ წინააღმდეგ +2 იყო, რაც თავის გუნდში მესამე საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

შეხვედრა საინტერესოდ დაიწყო და პირველი მეოთხედი დაძაბულად წარიმართა. „ფილადელფიამ“ მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით მოახერხა წინ გასვლა. მეორე პერიოდი კი გადამწყვეტი აღმოჩნდა. დოკ რივერსის გუნდი მეტოქეს 17 ქულით გაექცა და ფაქტიურად, ყველაფერი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. მესამე მეოთხედიც „ინდიანამ“ 11 ქულით დათმო და მიუხედავად ბოლო პერიოდში 12 ქულით მოგებისა, ნეიტ ბიორკგრენის გუნდი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა.

შეხვედრაში საუკეთესო შეიკ მილტონი იყო, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ჯოელ ემბიდმა, რომელმაც 24 ქულასთან ერთად, 13 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. „ინდიანას“ რიგებიდან კი საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო 20 ქულით, 4 პასითა და 4 მოხსნით.

სეზონის კარგი დასაწყისის მიუხედავად, „პეისერსი“ ბოლო დროს არც თუ ისე კარგად გამოიყურება. გოგას გუნდი პლეი ოფის ზონას ჩამოსცდა და მე-9 ადგილზე ჩამოქვეითდა. „ინდიანა“ შემდეგ შეხვედრას 4 მარტს „კლივლენდის“ წინააღმდეგ გამართავს.