ბითაძის 10 ქულა მოგებულ შეხვედრაში - გოგამ „სან ანტონიოს“ ოთხჯერ დაუფარა [ვიდეო] #1TVSPORT
ბითაძის 10 ქულა მოგებულ შეხვედრაში - გოგამ „სან ანტონიოს“ ოთხჯერ დაუფარა [ვიდეო] #1TVSPORT

გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ზედიზედ 3 მატჩში წაგების შემდეგ, NBA-ის რეგულარულ სეზონში „სან ანტონიო სპურსს“ შეხვდა და 119-108 მოიგო.

ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ 20:29 წუთი ითამაშა. ამ დროში გოგამ 10 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 4 დაფარება დააგროვა. პერიმეტრიდან ბითაძე კარგად არ გამოიყურებოდა და 3 მცდელობიდან ვერცერთი გამოიყენა. რაც შეეხება ორქულიანებს, 6-დან 4 ბურთი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზთან კი 2-ჯერ დადგა და ორივეჯერ ბურთი კალათში მოათავსა. გოგა მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა.

 

პეისერსმა“ მეტოქეს გუნდური თამაშით მოუგო, რაც მოთამაშეთა სტატისტიკაშიც აისახა. მიუხედავად რიკ კარლაილის გუნდის გამარჯვებისა, ყველაზე შედეგიანები მაინც „სპურსის“ კალათბურთელები იყვნენ – ჯოკ ლენდეილი 26 ქულით საუკეთესო იყო, 20 ქულით კი ლონი უოკერი გამოირჩა, 19 ქულა ჰქონდა ასევე დევინ ვასელს. „ინდიანას“ მხრიდან 19 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ტაირის ჰალიბარტონმა გაიფორმა, 19 ქულა ჰქონდა ასევე დუან ვაშინგტონს, ხოლო ბადი ჰილდმა 17 ქულა დააგროვა.

თავისი შეხვედრა გამართა მოქმედმა ჩემპიონმა, „მილუოკი ბაქსმა“, რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს. ვისკონსინელები „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ შეხვდნენ და 109-122 დამარცხდნენ.

სანდრო მამუკელაშვილი მატჩის დამთავრებამდე 3:26 წუთით ადრე გამოჩნდა, როცა შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და ამ დროში სამქულიანის ჩაგდება მოასწრო.

 

შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა კლეი ტომპსონმა, რომელმაც ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ყველაზე გამორჩეული მატჩი ჰქონდა – მან 38 ქულა დააგროვა. 31 ქულა ჰქონდა იანის ანტეტოკუნმპოს.

შემდეგ შეხვედრას „ინდიანა პეისერსი“ 14 მარტს „ატლანტასთან“ გამართავს, „მილუოკი ბაქსი“ კი 15 მარტს „იუტა ჯაზს“ შეხვდება.